Cosmonautica 2.0

Space is our church, the stars our windows, our dreams navigate pathways.

Saturday, April 23, 2011

AD ASTRA!


ვაკოპირებ პოსტს ჩემი ბლოგიდან " liberali.ge"-ზე, 12 აპრილის აღსანიშნად.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------


Я верю,друзья,Караваны ракет
Помчат нас вперед
От звезды до звезды.
На пыльных тропинках
Далеких планет
Останутся наши следы.

ალბათ ტერაბაიტებია დაწერილი საბჭოთა კავშირზე, მაგრამ ძალიან იშვიათად ლაპარაკობს ვინმე მის კოსმიურ საფუძვლებზე.
ამბობენ, რომ წითელი ოქტომბრის ვარსკვლავიც კი, რომელიც ახალ წლებზე ნაძვის ხის წვერზე აღმოჩნდებოდა ხოლმე - სინამდვილეში არც მეტი არც ნაკლები, ყველაზე სანუკვარი ოცნების, შორეული მარსის სიმბოლო იყო, რომლისთვისაც უნდა მიეღწიათ საბჭოთა კოსმონავტებს,სადაც უნდა გაევლოთ საბჭოთა ტრაქტორებს და სიცოცხლე შთაებერათ "მკვდარი" სამყაროსთვის. "И на Марсе будут яблони цвести.."
ნიკოლაი ფიოდოროვი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს წერდა, რომ "საყოველთაო სამართლიანობის" აღსადგენად ჩვენ უნდა ვისწავლოთ "მკვდრების გაცოცხლება", რომ ამაში ჩვენ თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიები დაგვეხმარება. ის თვლიდა, რომ სიკვდილი არაბუნებრივი, უხეში შეცდომაა და ადამიანები მარადიულად უნდა ცხოვრობდნენ. მაგრამ საყოველთაო აღდგომა გამოიწვევდა პლანეტის გადავსებას, ამიტომაც ფიოდოროვი ვარაუდობდა რომ ჩვენ უნდა განვსახლდეთ მთელს მზის სისტემაზე და გადავიქცეთ ცივილიზაციად, რომელიც პლანეტარულ და მზის ენერგიებს იყენებს არსებობისთვის. ის თვლიდა, რომ ადამიანები მდუმარე სამყაროს აუცილებლად გაანაყოფიერებენ სიცოცხლით.
ასეთია კოსმიზმის ფილოსოფიის საფუძვლები.ფიოდოროვის მოწაფემ - კონსტანტინ ციოლკოვსკიმ, სოფელ კალუგაში მცხოვრებმა მეოცნებემ, ჯერ კიდევ 1905 წელს ჩაიხატა დღიურში მომავალი რაკეტის პირველი მაკეტი.
ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა, როგორია ცხოვრობდე 1900 იანების რუსეთში, სადაც ჯერ თითქმის არაფერი ის არ არსებობს, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ტექნოლოგიური რუტინაა და ამ გარემოში იყო ასეთი თანამედროვე და ზოგჯერ უფრო შორსმხედველი ვიდრე 100 წლის შემდეგ- ინტერნეტის, მსოფლიო კინოინდუსტრიისა და გამალებული რობოტიზაციის გარემოცვაში დაბადებული და გაზრდილი ხალხი.
"დედამიწა კაცობრიობის აკვანია, მაგრამ როდემდე შიძლება აკვანში ცხოვრება?"
კოსმიზმი მეფის რუსეთში "დაიწყო" და ვითარდებოდა ახალგაზრდა კომუნისტური ქვეყნის მტკივნეული მშობიარობის პერიოდში. მაგრამ მისი სიყმაწვილის პერიოდში, 20-ან წლებში იქმნება კიდევ ერთი საინტერესო დაჯგუფება ახალგზარდა პოეტების, რომლებიც თავიანთ თავს "ბიოკოსმისტებს" ეძახიან. ეს ახალგაზრდა, უტოპისტი კომუნისტები მოუწოდებენ საბჭოთა კავშირს ტექნოლოგიური გარღვევებისკენ, რათა მათ შეძლონ სიკვდილის და ავადმყოფობების დამარცხება, ჯიუტად იმეორებენ რომ იმორტალიზმის[პირადი და კოლექტიური უკვდავების გარეშე] სოციალიზმი წარმოუდგენელია, საუბრობენ ინტერპლანეტარიზმზე, მოითხოვენ "კოსმოსში თავისუფლად გადაადგილების თავისუფლებას", მოუწოდებენ მოსახლებას გაყინვის, ანაბიოზისკენ, სიკვდილის ასაცილებლად. დღეს ეს იდეა პრაქტიკულად ხორციელდება რიგ ქვეყნებში.
სწორედ ციოლკოვსკის და რუსული კოსმიზმის დიდი ფანი იყო კოროლიოვი, საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მთავარი კარდინალი, პირველი კოსმოსური აპარატების კონსტრუქტორი და გაგარინის გაფრენის ხელმძღვანელი. დოკუმენტურ კადრებში ის ხშირად დგას სადღაც ხრუშოვისა და გაგარინის ახლომახლო.
წარმოიდგინეთ რა საინტერესო იდეური ბაზისი და სტიმული ქონდა საბჭოთა კოსმოსურ პროგრამას. [კოსმიზმი, კომუნისტური "უტოპიზმი"].
ჩვენთვის დღეს ალბათ ძნელი წარმოსადგენია ის შეგრძნება, რომელიც მოყვა პირველი ადამიანის გაფრენას ამ აქამდე აბსოლუტურად შეუცნობელ, ათასი მითებითა და ლეგენდებით დაფარულ ვაკუუმში. ეს ალბათ რელიგიური ექსტაზის მდგომარეობა იყო: სივრცის დამარცხება, საკუთარ ტექნოლოგიებში დარწმუნება, ისტორიის შეგრძნება, პირველი შეხება ამ უსასრულო სივრცესთან, რომელიც გარს გვახვევია და გვყლაპავს და რომელშიც ვცურავთ, როგორც პატარა ქაღალდის გემი უზარმაზარ ოკეანეში, მტვრის ნაწილაკი ატმოსფეროში.
შეიძლება საბჭოთა კავშირისთვის ეს სოციალიზმის და კომუნისტური მეცნიერების გამარჯვებაც იყო, რის პასუხადაც ამერიკელები უკვე იძულებულნი იყვნენ რამე უფრო მეტი გაეკეთებინათ. მიუხედავად იმისა, რომ კოსმონავტიკის მსოფლიო ბუმი სამწუხაროდ ამ სახელმწიფოთაშორისი შეჯიბრით იყო გამოწვეული, მისი რომანტიზმი და მიზნები - წარმოუდგენლად მიმზიდველი და საინტერესოა.
ალბათ ორივე ქვეყნის მეცნიერთა რიგებში გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი კოსმისტების არსებობამ განაპირობა ისიც, რომ ამერიკელები [და როგორც ამბობენ საბჭოთა] მილიტარისტების გეგმა: მთვარეზე ატომური ბომბის აფეთქება საკუთარი ძალების დემონსტრაციისთვის, შეიცვალა მთვარეზე ადამიანის დასმის გეგმით. :]
გაგარინის გაფრენა პირველი ნიშანი იყო იმის რომ კაცობრიობა ნელნელა ადის პლანეტარული არსებობის დონეზე. თავიდან ჩვენ ტომებად ვცხოვრობდით და წარმოდგენა არ გვქონდა რა იყო მდინარის ან მთის იქით, შემდეგ ვცხოვრობდით ფეოდალურ სახელმწიფოებად და გვეგონა, რომ დედამიწა ბრტყელია, ოკეანეები იღვრებიან დაბლა უფსკრულებში, სამყაროს კიდეებთან არსებულ კუნძულებზე კი საშიში მითიური არსებები ცხოვრობენ. ქრისტეფორე კოლუმბის მაგვარი მეზღვაურები ფაქტიურად თავისი დროის გაგარინები იყვნენ, როცა მაშინდელი სანავიგაციო სისტემებით გაურკვეველი მიმართულებით მიცურავდნენ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მთელი პლანეტის რუკა დაიხურა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ თვითონ ვართ ძალიან პატარა კუნძული წარმოუდგენლად დიდ სამყაროში.
კოსმიზმის ფილოსოფიის მიხედვით ჩვენი ეხლანდელი მდგომარეობა ბავშვობის ასაკია, როცა ჯერ კიდევ გეშინია და არ შეგიძლია გასცდე ნაცნობ და ახლობელ გარემოს. პირველი კოსმისტების აზრით ადამიანები ევოლუციურად შეიცვლებიან კოსმოსთან ურთიერთობის შედეგად.როგორც კარლ საგანი ამბობდა, ჩვენი შვილები, რომლებიც მიაღწევენ შორეულ ვარსკვლავებს უკვე არ იქნებიან ჩვესავით დედამიწელი ადამიანები, ისინი იქნებიან ჩვენი მსგავსი არსებები, რომლებსაც მუდამ ემახსოვრებათ თავიანთი შორეული სახლი - დედამიწა.
როგორც პირველი თევზები, რომლებმაც მილიონობით წლის წინ პირველად დატოვეს წყალი და შიშით, მაგრამ ჯიუტად ამოდიოდნენ ხმელეთზე-გარდაიქმნენ ცხოველებად ევოლუციის პროცესში, ისე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი აწმყოც და მომავალიც. დღეს ჩვენ ვგავართ ევოლუციის იმ ღრმა, დავიწყებულ წარსულში გაჩენილ არსებებს და მათსავით ფრთხილად, მაგრამ ცნობისმოყვარეობით ვიხედებით გარეთ, ვეჩვევით უსასრულობას, გრავიტაციულ ნულს. უბრალოდ ჩვენი ევოლუციური წინაპრებისგან განსხვავებით მომავლის კოსმისტებს უკვე გვაქვს ათვლის წერტილი - 1961 წლის 12 აპრილი. და გვყავს პირველი ევოლუციური პროტოტიპი - პირველი პრაქტიკული კოსმისტი და ტრანსჰუმანისტი, პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწელებს აუწყა, რომ ცა არ არის ლურჯი და ლამაზი, კოსმოსის ცა შავი, უსასრულო და საშიშია. [ცაზე ის ლაპრაკობს მატარებელში მიცემულ ინტერვიუში რომელიღაც პოლონური რადიოსთვის]
60-იანი წლების შემდეგ სამწუხაროდ ეს თემა დაიკარგა, ოცნება მოკვდა და თითქოს არც მომხდარა ასეთი სახის დიდი გარღვევები. დღეს ალბათ უკვე ძალიან ცოტა ბიჭი და გოგოა, რომელსაც კოსმონავტობა უნდა, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა კოსმოსი ნელნელა ბრუნდება სიზმრებსა და ყოველდღიურობაში. ამაზე მოწმობს ერთერთი ყველაზე რევოლუციური მოვლენა - პირველი არასახელმწიფოებრივი, კომერციული კოსმოსური პროექტის დაარსება.
"ვირჯინ გალაქტიკსი" უკვე მომავალი წლიდან წაიყვანს კოსმოსში, გაგარინის მაგვარ ტურნეზე 200ზე მეტ ადამიანს. შემდეგ წლებში ეს რიცხვი სულ უფრო გაიზრდება, ფასები კი სულ უფრო დაეცემა. ამბობენ, რომ ერთი კოსმიური თრიფიც კი სამკმარისია რომ შეგეცვალოს წარმოდგენა სამყაროზე, უფრო ღრმად შეხედო მოვლენებს. სამყაროზე შეხედულების [რეალობის გვირაბის] რადიკალური ცვლილება კი ჩვენი აზრით ზუსტად ის წამალია, რაც ჭირდება ჩიხში შესულ, მილიტარისტულ, მამრულ და შოვინისტურ ნაციონალიზმსა თუ გაბერილ ეგოიზმში ჩაფლულ ჰომო საპიენსების დიდ ნაწილს.
გუშინ ერთერთი თანამედროვე კოსმისტი ჯულიო პრისკო თავის ბლოგზე და ფეისბუქზე წერდა:"On this 50th Yuri's Night, we Cosmists and space enthusiasts should think of going back to space, back to the Moon, and onward to Mars and the stars."
ამავდროულად გუშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი იყო 500-მდე ივენთი, 72  ქვეყანაში - გაგარინის ღამე ამ სახით ძალიან ბევრმა ადამიანმა აღნიშნა.
არ ვიცი ჩვენთან რამდენი ადამიანი არის დაინტერესებული კოსმოსით, კოსმიზმით და ვარსკვლავებით, მაგრამ როგორც ჩვენ ჯერ საერთოდ არ გვცალია ამ თემებისთვის, რამდენადაც იბერიული გაბრწყნინების პროექტზე ვართ გადართულები, მაგრამ განა როგორ გაბრწყინდება იბერია ამხანაგებო თუ მისი ხომალდები ვერ გახლეჩენ ატმოსფეროს. :]
ქართული კოსმოსური პროგრამა შევარდნაძის ხელისუფლებასთან ერთად დაიკარგა ბიუროკრატიულ დოკუმენტებსა და ძველ სატელევიზიო არქივებში.
შევარდნაძე და კოსმოსური პროგრამა
"არალეგალური კოსმონავტიკის" მოძრაობით ჩემი ყოფილი არტ-ჯგუფი თითქოს ცდილობდა კოსმოსური პროგრამის თემატიკის წამოწევას კულტურისა და მენტალური მითების სფეროში 12 აპრილის ყოველწლიური აღნიშვნით,თუმცა ეს მცდელობაც შევარდნაძის კოსმიური პროგრამასავით ჰაერში დაეკიდა.
12 აპრილი ჩემი პერსონალური კალენდრით ახალი წელია. ამიტომაც გილოცავთ ყველას ვისაც გიოცნებიათ კოსმოსზე, ვინც სწავლობთ ამ თემას, ვულოცავ ყველა კოსმისტს და ჩემს მეგობარს, მთელს კაცობრიობას და ანა მანიანის.

0 comments: